გზამკვლევი ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის

უვიზო მიმოსვლა

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარი წინაპირობაა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. სამოქმედო გეგმის შესრულებისა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკავშირის N539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

ამჟამად საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის დასკვნით ფაზაშია.

რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ  ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია

ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს:

დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად: საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს https://www.gov.uk/check-uk-visa

ირლანდიის ვიზის მისაღებად: ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა)
https://www.dfa.ie/embassies/irish-embassies-abroad/europe/georgia/ 


ხშირად დასმული კითხვები

რა დროის განმავლობაში შემიძლია ვიმყოფებოდე ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე?

  • უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები;
  • მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;90dge.png
  • ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ;
  • მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
  • უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს  ვიზის მისაღებად.

შეიძლება თუ არა 90 დღიან პერიოდში მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე?

  • დიახ, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში; რეკომენდებულია ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის გამოსათვლელი სპეციალური კალკულატორით.

რა საბუთებია საჭირო?

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.

სად და როგორ შემიძლია ავიღო ბიომეტრიული პასპორტი?

შემიძლია თუ არა ვიმოგზაურო ბიომეტრიული პასპორტის გარეშე?

  • ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად, განაცხადით უნდა მიმართოთ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულნი არიან საქართველოში.

რა კითხვები შეიძლება დაგისვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა და რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვს მას?

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის;
  • გაქვთ, თუ არა მგზავრობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი? (მაგ.: საქმიანი მგზავრობა, ტურიზმი, მეგობრების, ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება მოგთხოვოთ შემდეგი სახის საბუთები:

  • ტურიზმი და დასვენება:
    • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
    • სასტუმროს ჯავშანი;
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

 

  • მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.
    • იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
    • სასტუმროს ჯავშანი;
    • სამოგზაურო დაზღვევა
    • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
    • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

 

  • ნათესავების, მეგობრების მონახულება
    • მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
    • იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
    • სამოგზაურო დაზღვევა;
    • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
    • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).

 

  • მკურნალობა
    • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
    • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
    • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
    • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

  • შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები (შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში);
  • ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები  და საზოგადოებრივი წესრიგი;
  • ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება  შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავარღვევ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?

  • ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე;

შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე

  • არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას;
  • არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;
  • არ უნდა იყოს ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;
  • არ უნდა იყოს ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი;
  • არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები.